„ეკომეგობრული კახეთი 2026-ის“ კულმინაციური ეტაპი – ეკო-ფესტივალი, ლაგოდეხის ნაკრძალში შედგა
როდესაც გარემოს დაცვაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვგონია, რომ ცვლილებები მხოლოდ ზედა ვერტიკალიდან მომდინარე სახელმწიფო პოლიტიკით ან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით მიიღწევა. თუმცა, ზოგჯერ ყველაზე მასშტაბური შედეგი მაშინ დგება, როდესაც ცვლილების ცენტრში ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები დგანან.
სწორედ ასეთი წარმატების ისტორიაა აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელებული კამპანია „ეკომეგობრული კახეთი 2026“ - პირველი ფართომასშტაბიანი რეგიონული ინიციატივა საქართველოში, რომელმაც გარემოსდაცვითი განათლება, საზოგადოების ჩართულობა და ელექტრონარჩენების მართვა ერთ წარმატებულ მოდელში გააერთიანა.
პროექტი ასოციაცია „ვეისთლესმა“ უპრეცედენტოდ მოკლე, ორთვიან პერიოდში დაგეგმა და განახორციელა. ორგანიზაცია, რომელიც დღეს უკვე 17 375 ბიზნეს კომპანიას აერთიანებს, საქართველოში სპეციფიკური ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი არაკომერციული გაერთიანებაა და 2022 წლიდან ავტორიზებულია ოთხი მიმართულების ნარჩენების მართვაზე: ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები.
„ეკომეგობრული კახეთი 2026“ მხოლოდ გარემოსდაცვითი კამპანია არ ყოფილა. ის მიზნად ისახავდა სისტემური მიდგომის შექმნას, რომლის მიზანიცაა ქცევის ცვლილება, ცნობიერების ამაღლება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადაზრდა.
პროექტი სამი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა და კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავდა.
პირველ ეტაპზე შეირჩა რეგიონის 35 სკოლა, სადაც მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა, სადაც კამპანიის წარმატების ნიშნები ბავშვების ენთუზიაზმით ანთებულ თვალებში აისახა.
შეხვედრებში დაახლოებით 1000 მოსწავლე ჩაერთო. მათ მიიღეს ცოდნა ელექტრონარჩენების გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, გაეცნენ მათი სწორი მართვის გზებს და კამპანიის ეკოელჩები გახდნენ.
„ვეისთლესის“ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდები გარემოსდაცვითი ცვლილებების ყველაზე ეფექტიანი გამტარები არიან. ისინი სწრაფად ითვისებენ ახალ ცოდნას, საკუთარ ოჯახებში, მეზობლებში და თემებში ავრცელებენ სიახლეებს და ხშირად თავადაც ხდებიან ცვლილებების ინიციატორები და ტონის მიმცემნი.
47 205 კილოგრამი შეგროვებული ელექტრო ნარჩენი ორ კვირაში
კამპანიის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სასკოლო კონკურსი აღმოჩნდა.
7-21 მაისის პერიოდში კახეთის 35-ვე სკოლაში განთავსდა “ვესითლესის” სპეციალური კონტეინერები ელექტრონარჩენების შესაგროვებლად. მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში აქტიურად აგროვებდნენ მოძველებულ ტექნიკას, ელექტრონულ მოწყობილობებსა და სხვა სახის ელექტრო ნარჩენებს.
რეგიონის მასშტაბით შეგროვდა 47 205 კილოგრამი ელექტრონარჩენი – თითქმის 48 ტონა მავნე ნარჩენი, რომელიც აღარ მოხვდება ბუნებაში, ნაგავსაყრელებზე ან უკონტროლო გარემოში.
ეს მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკა არ არის. გარდა იმისა, რომ ეს ცირკულარული ეკონომიკისთვის ნედლეულია, რომელიც ახალი პროდუქციის შექმნას მოხმარდება, ეს ნიშნავს ნაკლებ დაბინძურებულ ნიადაგს, სუფთა გარემოს და ათასობით ოჯახის ჩართულობას ნარჩენების პასუხისმგებლიან მართვაში.
პროექტი მხოლოდ ნარჩენების შეგროვებით არ შემოიფარგლა.
პარალელურად გაიმართა TikTok ვიდეოების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა 60 კრეატიული ვიდეო შექმნეს. ვიდეოებში ისინი თანატოლებსა და საზოგადოებას ელექტრონარჩენების სწორ მართვაზე, გადამუშავების მნიშვნელობასა და გარემოზე ზრუნვაზე გასაოცარი კრეატიული ხერხებით ესაუბრებოდნენ.
ამგვარად, კამპანიამ სოციალური მედიის სივრცეც ეფექტიან საგანმანათლებლო პლატფორმად აქცია და გარემოსდაცვითი გზავნილები ათასობით ადამიანამდე მიიტანა.
გამარჯვებულები და დიდი ეკოფესტივალი
პროექტის ფინალი კავკასიონის ძირში, ლაგოდეხის პარკში გამართული მასშტაბური ეკოფესტივალი იყო, რომელსაც 5 000-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ როგორც ელექტრონარჩენების შეგროვებაში, ისე TikTok კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები.
ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში პირველი ადგილი ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლამ მოიპოვა და 7 000-ლარიანი ჯილდო მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლამ დაიკავა.
დამატებითი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ ის სკოლებიც, რომლებმაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში საუკეთესო შედეგები დადეს.
ფესტივალი მხოლოდ დაჯილდოების ცერემონია არ ყოფილა. ღონისძიება აერთიანებდა ეკომეწარმეების გამოფენებს, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს, ტექნოლოგიურ სივრცეებს, გათამაშებებსა და საბავშვო პროგრამებს. დღის განმავლობაში გაიმართა კონცერტებიც, რომლებმაც ეკოლოგიური თემატიკა საზოგადოებრივი ზეიმის ნაწილად აქცია.
რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
„ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის მთავარი ღირებულება მხოლოდ მიღწეულ შედეგებში არ მდგომარეობს. პროექტმა პრაქტიკაში აჩვენა, როგორ შეიძლება ნარჩენების მართვის თანამედროვე ევროპული მიდგომები ადგილობრივ რეალობას მოერგოს.
ცირკულარული ეკონომიკის მთავარი პრინციპი რესურსების მაქსიმალურად ხანგრძლივი გამოყენება და ნარჩენების ეკონომიკურ რესურსად გარდაქმნაა. ამისთვის კი აუცილებელია არა მხოლოდ შეგროვებისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურა, არამედ საზოგადოების საკრგად ინფორმირება და ჩართულობაც.
კახეთის მაგალითმა აჩვენა, რომ როდესაც განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, ბიზნესი და საზოგადოება ერთ მიზანს ემსახურებიან, შედეგი სწრაფად, დიდი ენთუზიაზმით და თვალსაჩინოდ მიიღწევა.
წარმატების ისტორია, რომელიც გაგრძელდება
„ვეისთლესის“ განცხადებით, კახეთში დაწყებული კამპანია ქვეყნის სხვა რეგიონებსაც მოედება.
„კამპანიის შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. გვინდოდა ახალგაზრდებისთვის გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა გვეჩვენებინა, შედეგად კი მათ თავად გვაჩვენეს, რამდენად დიდი ძალა აქვს ცოდნას, პასუხისმგებლობასა და ერთობლივ მოქმედებას. რამდენიმე კვირაში კახეთი თითქმის 48 ტონა მავნე ელექტრონარჩენისგან გაიწმინდა და ეს ჩვენი გარემოს ნამდვილი სუპერგმირი ბავშვების დამსახურებაა. მათ დაამტკიცეს, რომ ცვლილებები სწორედ საზოგადოების ჩართულობით იწყება. ამიტომ „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ჩვენთვის მხოლოდ წარმატებული კამპანია არ არის — ეს არის მოდელი, რომელსაც აუცილებლად გავავრცელებთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ასევე, ჩვენს გამოცდილებას საერთაშორისო დონეზეც გავუზიარებთ“, - განაცხადა ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარემ, გიორგი გულიაშვილმა.
როდესაც კახეთის მოდელი ეროვნულ მასშტაბზე გავრცელდება, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, გარემოსდაცვითი კულტურის გაძლიერებისა და ნარჩენების თანამედროვე მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. საქართველო, სადაც ნარჩენების სეპარირების სისტემა ჯერ კიდევ არ მუშაობს, ფაქტიურად ნოლიდან იწყებს ახალი კულტურის დანერგვას.
„ეკომეგობრული კახეთი 2026“ სწორედ ის მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები მხოლოდ კანონებით არ იწყება — ისინი იწყება სკოლიდან, ცოდნიდან და იმ ახალგაზრდებიდან, რომლებმაც რამდენიმე კვირაში მთელი რეგიონი 48 ტონამდე მავნე ელექტრონარჩენისგან გაათავისუფლეს.
თუმცა, “ვეისთლესის” კამპანიის წარმატებას ყველაზე კარგად, ალბათ, ერთი განსაკუთრებული ისტორია ასახავს.
ლაგოდეხის ეკოფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებიც. ისინი პროექტის მონაწილე 35 სკოლას შორის არ იყვნენ და არც ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში მონაწილეობდნენ, თუმცა კამპანიის შესახებ შეიტყვეს და საკუთარი ინიციატივით დაიწყეს ელექტრონარჩენების შეგროვება.
ფესტივალის დღეს პანკისელმა ახალგაზრდებმა ლაგოდეხამდე გზა სპეციალურად გამოიარეს, რათა მათ მიერ შეგროვებული ელექტრონარჩენები „ვეისთლესისთვის“ ჩაებარებინათ. მათ არც პრიზი ელოდათ და არც კონკურის რომეიმე ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. მათი მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ — გარემოზე ზრუნვა და იმ საქმის მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.
სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს გარემოსდაცვითი კამპანიების ნამდვილი ხიბლი. როდესაც ინიციატივა სცდება პროექტის ოფიციალურ ჩარჩოებს, აღწევს ადამიანებამდე, აღვიძებს პასუხისმგებლობის განცდას და მათ მოქმედებისკენ უბიძგებს.
პანკისელი ახალგაზრდების ეს ისტორია კონკურსის სტატისტიკაშიც კი არ ასახულა, მაგრამ ის, შესაძლოა, „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მიღწევა იყოს.
სწორედ ასეთი ადამიანები და სწორედ ასეთი ისტორიები ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ცირკულარული ეკონომიკა და ეკოპასუხისმგებლიანი საზოგადოება უნდა აშენდეს.









.png)

















