ნარჩენი, როგორც უხილავი საფრთხე - რატომ უნდა გადავამუშავოთ ელექტრო ნარჩენები?
ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ელექტრო მოწყობილობა იყრება ნაგავსაყრელებზე დაძველების ან დაზიანების გამო. ეს გადაგდებული ტექნიკა ქმნის ელექტრო ნარჩენებს - ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ გარემოსდაცვით პრობლემას თანამედროვე მსოფლიოში. 2022 წლის მონაცემებით, არსებული ელექტრო ნარჩენების მხოლოდ მეოთხედი გადამუშავდა სათანადოდ. ICLEI ადგილობრივი მთავრობები მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო პლატფორმის მიერ ყოველწლიურად ტარდება ელექტრო ნარჩენების მონიტორინგი. ელექტრო მოწყობილობების ნარჩენების საერთაშორისო მონიტორი 2024 ის მიხედვით, 2022 წლისთვის მსოფლიოში წარმოიქმნა 62 მილიარდი კგ ელექტრო ნარჩენი, რაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 7,8 კგ-ს შეადგენს. წარმოქმნილი ნარჩენების კი მხოლოდ 22.3% გადამუშავდა სათანადო პირობების დაცვით, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
2030 წლისთვის ელექტრო ნარჩენების რაოდენობა მსოფლიოში 82 მილიარდ კგ-ს მიაღწევს, რაც სერიოზულ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ გამოწვევებს შექმნის. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თუ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, გადამუშავების ოფიციალური მაჩვენებლები 20%-მდე დაეცემა, შესაბამისი მცდელობების გაზრდის შემთხვევაში შეიძლება გადამუშავება 38%-მდე გაიზარდოს. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა კოორდინირებული გლობალური ძალისხმევა ელექტრო ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ყველა დონეზე თანამშრომლობით.
რა არის ელექტრო ნარჩენი?
ელექტრო ნარჩენები აერთიანებს ნებისმიერ გამოუსადეგარ მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა დენზე ან ბატარეებზე. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამედიცინო აღჭურვილობა თუ სხვა მოწყობილობები. ისინი შეიცავს ბევრ სხვადასხვა სახიფათო და ტოქსიკურ ნივთიერებას და თუ სათანადოდ არ გადავამუშავებთ ზიანს აყენებს გარემოს და ჩვენს ჯანმრთელობას.
გამოუსადეგარი ელექტრო მოწყობილობები არასათანადო უტილიზაციის შემთხვევაში ხვდება ნაგავსაყრელზე, აქედან კი გარემოში აღმოჩნდება და იწყებს მასთან ურთიერთქმედებას. ასეთ ნარჩენებში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები, მაგალითად ტყვია, მერკური, კადმიუმი, ნიკელი და სხვა მრავალი აღმოჩნდება ნიადაგსა და წყალში და იწყებს გარემოს დაბინძურებას. გარემოში მოხვედრისას ამ ტოქსიკურ დამაბინძურებლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი მანძილის გავლა დაბინძურების წერტილიდან, რითაც შორ მანძილზეც კი იწყებს სახიფართო ნივთიერებების გამოვლენას, რაც გავლენას ახდენს ადამიანებზე.
ელექტრო ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურება განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათში შემავალი მძიმე მეტალები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ტყვია აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კოგნიტურ დარღვევებს, ვერცხლისწყალი ზემოქმედებს ტვინზე, აზიანებს თირკმელებს და შესაძლებელია გამოიწვიოს მეხსიერების დაკარგვაც. კადმიუმი კი აზიანებს თირკმელებს, ასუსტებს ძვლებს და იწვევს ოსტეოპოროზს. ელექტრონული ნარჩენების არასწორი უტილიზაციის დროს გამოთავისუფლებული წვრილი ნაწილაკების და ტოქსიკური ორთქლის ინჰალაციამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და გაზარდოს კიბოს რისკიც. ეს საფრთხეები ხაზს უსვამს ელექტრონული ნარჩენების უსაფრთხო დამუშავების აუცილებლობას ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად.
ელექტრო ნარჩენების მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები და ორსული ქალები. ბავშვების განვითარებადი ორგანიზმი და სუსტი იმუნური სისტემა უფრო მგრძნობიარეა ტოქსინების მიმართ. მცირე დოზებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი დაზიანება მათ ორგანიზმში. ორსული ქალებისთვის კი იზრდება რისკი ნაადრევი მშობიარობის ან შესაძლო გართულებები ნაყოფის განვითარებაში. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული ნარჩენების არასწორი გადამუშავებისსას გამოთავისუფლებული ნაწილაკების შთანთქმას 2-8 წლის ბავშვებში შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, შეამციროს სასუნთქი გზების ანტიმიკრობული დაცვა, რაც ზრდის ბავშვის დაუცველობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ელექტრო ნარჩენების სწორად მართვა და პროფესიონალურ გარემოში გადამუშავება. ამისთვის მნიშვნელოვანია მათი ჩაბარება სპეციალურად გამოყოფილ შემგროვებელ პუნქტებში, სადაც მოხდება ნარჩენების სწორი დახარისხება, დამუშავება და ხელახალი გამოყენება. ნარჩენების სწორი გადამუშავებით მინიმალურ დონეზე დაგვყავს ტოქსიკური ნივთიერებების გარემოში მოხვედრის რისკი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის, ამასთან ნარჩენის ხელახლა რესურსის სახით გამოყენებით ვუფრთხილდებით დედამიწის პირველად რესურსებს, რომლებიც ამოწურვადია.