ცნობილი კომპანიების ეკომეგობრული პრაქტიკები - როგორ იცავენ გლობალური ბრენდები გარემოს?
ბიზნესების საქმიანობა ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, თუმცა თანამედროვე ტენდენციები და მომხმარებელთა მზარდი ცნობიერება ავალდებულებს კომპანიებს, რომ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრულად გარდაქმნან. მდგრადი პრაქტიკების დანერგვა უკვე არამხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია.
დღესდღეობით, მომხმარებლები აქტიურად უჭერენ მხარს იმ ბრენდებს, რომლებიც გარემოზე დადებით გავლენას ახდენენ და პასუხისმგებლიანი მიდგომით გამოირჩევიან. ისინი უფრო ხშირად ირჩევენ "მწვანე" პროდუქტებსა და სერვისებს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ ეკომეგობრული საქმიანობა თანამედროვე ბაზრის მნიშვნელოვან მოთხოვნად იქცა.
ალბათ გაინტერესებთ, რომელი მსხვილი კომპანიები გვიჩვენებენ მაგალითს ეკომეგობრული სტრატეგიებით? ბევრი მათგანი საკმაოდ ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით თავისი ინოვაციური და მდგრადი მიდგომებით და სხვა კომპანიებისთვისაც მაგალითს წარმოადგენენ. ამ ბლოგში მოგიყვებით რამდენიმე ასეთ კომპანიაზე, რომლებიც ეკოლოგიური ინიციატივებით გამოირჩევიან და მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვთ გარემოსდაცვითი პრობლემების შემსუბუქებაში.
Apple
Apple დამსახურებულად იკავებს მოწინავე ადგილს ეკოლოგიურად მაღალი პასუხისმგებლობის ბრენდებს შორის. კომპანია აქტიურად იყენებს ინოვაციურ პრაქტიკებს გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. მაგალითად, Apple-მა მნიშვნელოვანად გაზარდა გადამუშავებული მასალების გამოყენება საკუთარ პროდუქტებში და ალუმინს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი წარმოება ნაკლებ ემისიას იწვევს. კომპანიამ მიზნად დაისახა ნახშირბადის გამონაბოლქვის მინიმუმამდე დაყვანა. ამ მიზნით Apple თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებს, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია იყენებენ. Apple-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ყველა მისი პროდუქტი სუფთა ენერგიით დამზადდება და გადამუშავებული მასალების გამოყენებით იქნება შექმნილი.
კიდევ ერთი ინიციატივაა Trade In პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ძველი მოწყობილობები ჩააბარონ და ფასდაკლებით შეიძინონ ახალი პროდუქტები. ეს წამახალისებელი სქემა უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელექტრონული ნარჩენების შემცირების მიმართულებით. ერთ-ერთი ცნობილი ინიციატივის თანახმად iPhone 12-ის შემდეგ წარმოებულ მობილურ ტელეფონებს Apple-ის გადაწყვეტილებით აღარ მოყვება გადამყვანი კაბელები შეძენისას, ამით ბრენდი ცდილობს ელექტრონული ნარჩენების შემცირებას და მდგრადი მოხმარების კულტურის დანერგვას.
Tesla
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული საავტომობილო კომპანია Tesla უკვე მრავალი წელია ლიდერობს საერთაშორისო ბაზარზე ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე მუშაობენ. ამ მიდგომით, Tesla მნიშვნელოვნად ამცირებს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას და მდგრადი ტრანსპორტის სტანდარტებს აყალიბებს.
Tesla-ს პროდუქტები არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთაა, არამედ დახვეწილი და ელეგანტურიც, რაც ადასტურებს, რომ მდგრადი დიზაინი შეიძლება იყოს ფუნქციონალურიც და მიმზიდველიც. მისიით, რომ დააჩქაროს მსოფლიოს გადასვლა მდგრად ენერგიაზე, Tesla აშენებს სამყაროს, რომელიც იკვებება მზის ენერგიით, მუშაობს ბატარეებზე და ტრანსპორტირდება ელექტრო მანქანებით.
მდგრადი ემისიების შემცირების მიმართულებით კომპანიის მიღწევები უკვე შთამბეჭდავია, თუმცა Tesla-ს სამომავლო ხედვა კიდევ უფრო ამბიციურია, რაც წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევაში გამოიხატება. ეს მიზანი მოიცავს პროდუქტის სრულ სასიცოცხლო ციკლს, დაწყებული რესურსების მოპოვებითა და წარმოებით, დასრულებული გამოყენებისა და სიცოცხლის ბოლომდე გადამუშავებით.
IKEA
IKEA თავისი მდგრადი პრაქტიკებით მსოფლიოსთვის მაგალითს წარმოადგენს. კომპანიის პროდუქტები მზადდება ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მასალებით, ხოლო ნარჩენების 91% გადამუშავდება ან ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება. IKEA-ს ავეჯი არა მხოლოდ ფუნქციონალური და ხელმისაწვდომია, არამედ მომხმარებლებს ენერგიისა და წყლის გამოყენების შემცირების შესაძლებლობასაც აძლევს, რაც ეკომეგობრული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
კომპანიის ინოვაციურ პრაქტიკებში ერთ-ერთი გამორჩეულია მეორადი ავეჯის ყიდვა და ხელახალი გაყიდვა As-Is ზონებში, რაც რესურსების მდგრად გამოყენებას უწყობს ხელს. IKEA პროდუქტის შეძენისას მომხმარებლებს სთავაზობს სათადარიგო ნაწილებს, რათა დაზიანებული პროდუქტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდონ. ეს პრაქტიკა კომპანიის მდგრადობისადმი ერთგულების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მუდმივად იხვეწება და ახალ სტრატეგიებს იძენს.
IKEA-ს 2030 წლის მდგრადობის მიზნები განსაკუთრებულად ამბიციურია. კომპანია ისახავს მიზნად, რომ პროდუქციის წარმოებაში გამოიყენოს მხოლოდ განახლებადი ან გადამუშავებული მასალები. მაგალითად, პლასტმასა სრულად დაფუძნებული იქნება განახლებად ან გადამუშავებულ მასალებზე. კომპანია ასევე ხაზს უსვამს ლითონის, როგორც გამძლე და ხელმისაწვდომი რესურსის და ბამბუკის, როგორც ძლიერი და მდგრადი მასალის გამოყენებას.
გარდა ამისა, IKEA ცდილობს კლიმატზე პოზიტიური გავლენის მოხდენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროდუქტების შექმნას. ეს გულისხმობს ბიზნესისა და ღირებულების ჯაჭვის გარდაქმნას, რათა მკვეთრად შემცირდეს კლიმატური კვალი. IKEA-ს მიზანია, 2050 წლისთვის მიაღწიოს წმინდა ნულოვან ემისიებს და დაეხმაროს გლობალური ტემპერატურის მატების შეზღუდვას 1.5°C-მდე.
Estée Lauder
ცნობილი ამერიკული კოსმეტიკური კომპანია Estée Lauder აცნობიერებს, რომ ბიზნესის წარმატება განუყოფლად არის დაკავშირებული პლანეტის და ადამიანების ჯანმრთელობასთან. ამ მიზნის მისაღწევად, ბრენდი აქტიურად ნერგავს მდგრადობის ინიციატივებს და გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენას პრიორიტეტად აყენებს. ბრენდი წარმოქმნილ ნარჩენებს არ ყრის ნაგავსაყრელებზე და გარემოზე პოზიტიური გავლენის მიზნით მათ გადაამუშავებს ან წვის შედეგად გარდაქმნის ენერგიად.
გარდა ამისა, ბრენდის მიზანია, 10 მილიონი ადამიანის კეთილდღეობაზე მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობის, განათლებისა და გარემოს დაცვის პროგრამების საშუალებით. Estée Lauder-მა საკუთარი იდენტობის ნაწილად აქცია ბიზნესისადმი უფრო მწვანე მიდგომების დანერგვა და კომპანიაში ასაქმებს "მდგრადობის ჩემპიონებს", რათა უზრუნველყოს მისი უფრო მწვანე მიმართულებით მოძრაობა. ის იყენებს 100% მწვანე ენერგიას მისი პირდაპირი ოპერაციებისთვის მზის პანელებისა და ქარის ტურბინების მეშვეობით.
Lego
სამშენებლო სათამაშოების ცნობილი ბრენდი LEGO, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია ძირითადად პლასტმასისგან მზადდება, აქტიურად ცდილობს თავისი საქმიანობის ეკომეგობრული მიმართულებით წარმართვას. კომპანიის მიზანია 100%-ით განახლებადი ენერგიის გამოყენება და პროდუქტების უმეტესი ნაწილის გადამუშავება, რაც მათი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მტკიცებულებაა.
LEGO-ს მთავარი მისია ბავშვების შთაგონება და განვითარების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მდგრადი პრაქტიკების დანერგვა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. ყოველწლიურად კომპანიის სახელზე ასობით წერილი მოდის ბავშვებისგან, რომლებიც აზიარებენ იდეებს, თუ როგორ შეიძლება გარემოს დაცვა და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. LEGO აქტიურად მუშაობს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს მდგრადი მომავლის შექმნაში.
გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, LEGO ახორციელებს მრავალ ინიციატივას, მათ შორის მდგრად ნედლეულზე გადასვლას, ეკომეგობრული შეფუთვების გამოყენებას და ბიზნესის წრიულ მოდელზე გადაყვანას. 2025 წლისთვის კი კომპანია გაორმაგებულ ხარჯებს გამოყოფს ასეთი ინიციატივების გასაგრძელებლად.
The Body Shop
The Body Shop არის კოსმეტიკური კომპანია, რომელიც გამოირჩევა მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობისკენ აქტიური სწრაფვით. კომპანია თავის პროდუქტებში იყენებს ბუნებრივ და ორგანულ ინგრედიენტებს და აქვს მკაცრი პოლიტიკა ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგ. კომპანია იაზრებს, რომ მსოფლიოს სჭირდება ბიზნესები, რომლებიც იცავენ სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობას და ხელს უწყობენ კლიმატის და ბიომრავალფეროვნების საგანგებო სიტუაციების და მზარდი უთანასწორობის შემცირებას მსოფლიოში.
დაარსებიდანვე The Body Shop ინარჩუნებს მისიას, იბრძოლოს უფრო ჯანსაღი და ჰარმონიული სამყაროსთვის. მათი ინიციატივები და კამპანიები არა მხოლოდ შთაგონების წყაროა გლობალური ბიზნესებისთვის, არამედ ცვლილებების პროვოცირების მძლავრი მექანიზმი. ბრენდი მოუწოდებს მწარმოებლებს, მომწოდებლებს, პარტნიორებს და მომხმარებლებს, ერთად იმოქმედონ მდგრადი მომავლისთვის.
2022 წელს The Body Shop-მა დაიწყო სათბურის გაზების წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევისკენ სწრაფვა, რაც გულისხმობს კომპანიის ნახშირბადის ანაბეჭდის დეტალურ ანალიზს და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეს გადაწყვეტილებები ბრენდის მუდმივ ვალდებულებას ასახავს იყოს გლობალური ცვლილებების მოწინავე.