
ნარჩენების მართვა და გამოწვევები საქართველოში
ნარჩენების მართვა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საყოფაცხოვრებო ნარჩენების 90% ნაგავსაყრელებზე იმარხება, სეპარირებული შეგროვების დანერგვა კი, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. სპეციფიკური ნარჩენების მიმართულებით, როგორიცაა საბურავები, ზეთები, ელექტრო მოწყობილობები და ბატარეები, არაფორმალური გამოყენება და ვაჭრობა არსებული კანონმდებლობით დასჯადი ქმედებებია. 2022 წლიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედების და ავტორიზებული მგვ ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად 2023-2024 წლებში 35 000 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი შეგროვდა, თუმცა გადამამუშავებელი საწარმოების არ არსებობა ან არსებულების მცირე წარმადობა ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს.
ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სფეროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოსახლეობის დაბალი ცნობიერება წარმოადგენს, რომელიც ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდებ ბევრი სამუშაოა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც გამოყენებული საბურავების, გამოყენებული ზეთების, მწყობრიდან გამოსული ელექტრო ტექნიკის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვას კერძო სექტორის, მწარმოებლისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობად აქცევს.
სპეციფიკური ნარჩენების გავლენა გარემოზე
სპეციფიკური ნარჩენები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა მათი ქიმიური შემადგენლობის გამო. ისინი შეიცავს მძიმე მეტალებს, ნავთობპროდუქტებს, ოზონდამშლელ ნივთიერებებსა და სხვა მავნე ელემენტებს, რომლებიც არასათანადო უტილიზაციის შემთხვევაში იწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას. შედეგად, ზიანდება ეკოსისტემები, მცირდება ბიომრავალფეროვნება და იქმნება პოტენციური საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
ნარჩენების მართვის პროცესში არაფორმალური სექტორი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. კუსტარული დამუშავების პუნქტები, რომლებიც უმეტესად ავტოფარეხებშია მოწყობილი და არ გააჩნიათ შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ხელს უწყობენ სახიფათო ნივთიერებების გარემოში მოხვედრას. ეს საფრთხე განსაკუთრებით მწვავეა დიდ ქალაქებში, სადაც მაღალი მოსახლეობის სიმჭიდროვე და ნარჩენების ჭარბი მოცულობა დამატებით ამძიმებს პრობლემას. მდგრადი სისტემების არარსებობის პირობებში, არაფორმალური სექტორის გავლენა კიდევ უფრო იზრდება, რაც საჭიროებს როგორც მკაცრ რეგულაციებს, ასევე ეფექტურ მონიტორინგს და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
მეორადი სამანქანე ზეთები ხშირად გამოიყენება ალტერნატიულ საწვავად სოფლის მეურნეობაში, ასევე სათბურების გასათბობად ღუმელებში, რომლებიც შესაბამისი ფილტრებით არ არიან აღჭრუვილი, რაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სახიფათო პრაქტიკას წარმოადგენს. ასეთი მეთოდებით მეორადი ძრავის, კოლოფის და ტრანსფორმატორების ზეთების გამოყენებისას გამოიყოფა ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
ელექტრო მოწყობილობებისა და აკუმულატორების ნარჩენებს ინდივიდები ხშირად უნებართვოდ აგროვებენ, შემდეგ კი შლიან ფერადი ლითონების ამოსაღებად, რაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების, მაგალითად, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, აზბესტის, ფრეონისა და სხვა დამაბინძურებლების გარემოში მოხვედრას. სახიფათო ნაწილები კი ხშირად სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ან მუნიციპალურ ურნებში აღმოჩნდება, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. საქართველოში ძველი ნაგავსაყრელების დახურვის პროცესი ნელა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების უქონლობის გამო, სახიფათო ნივთიერებები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ხვდება. სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც სოფლებში მდინარის კალაპოტშია განთავსებული, გარემოზე მძიმე ზეგავლენას ახდენს.
მოსახლეობაში ცნობიერების დაბალი დონე ნაწილობრივ ინფრასტრუქტურის ნაკლებობით აიხსნება. განცალკევებული შეგროვების სისტემა მხოლოდ საპილოტე პროექტებით არის წარმოდგენილი და მდგრადობის ნაკლებობა ხელს უშლის ამ პროექტების ხანგრძლივ ეფექტს.
კიდევ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისთვის, როგორიცაა მაგალითად ბატარეები, ელექტრო მოწყობილობები და მეორეული ზეთი, საჭირო გადამუშავების სისტემების არარსებობაა. შედეგად, აღნიშნული ნარჩენების გადამუშავება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ძირითადად ევროპის ქვეყნებში, ხდება, რაც დამატებით ფინანსურ და ლოგისტიკურ სირთულეებს წარმოშობს. ეს ვითარება მიანიშნებს, რომ საჭიროა ქვეყნის შიგნით მდგრადი და ეფექტური გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა, რათა შემცირდეს ნარჩენების ექსპორტის საჭიროება. ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას.
Wasteless-ის როლი ნარჩენების მართვის სისტემაში
Wasteless სპეციფიკური ნარჩენების ოთხივე მიმართულებით ფლობს ავტორიზაციას და აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებაში. ასოციაციამ ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი ნარჩენების შეგროვების პუნქტი მოაწყო, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩააბაროს მწყობრიდან გამოსული ელექტრო მოწყობილობების ნარჩენები და ბატარეები, რომელსაც Wasteless-ი შეაგროვებს და ყველა სტანდარტის დაცვით გადაამუშავებს. ამასთან ერთად სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობებითა თუ შემეცნებითი კამპანიებით ვეისთლესი აქტიურად ცდილობს საზოგადოებაში ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების გაზრდას და საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვას. Wasteless-ი აქტიურად თანამშრომლობს 500-ზე მეტ ორგანიზაციასთან საბურავების, ზეთების, და აკუმულატორების შეგროვების მიმართულებით.
ნარჩენების მართვა საქართველოში დღემდე მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება, თუმცა რეგულაციების გაუმჯობესება და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან პროგრესს გვპირდება. Wasteless-ის ინიციატივები ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და აჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობა უკეთესი და უფრო ჯანსაღი მომავლისკენ შესაძლებელია.