დახმარება
ეკომეგობრული მომხმარებლის ქცევა და ბრენდის ეთიკის გავლენა გაყიდვებზე

მომხმარებლების მხრიდან ეკომეგობრულ პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რასაც ბოლო დროის კვლევები მოწმობს. მომხმარებელთა დაახლოებით 66% მზად არის გადაიხადოს მეტი თანხა, იმისათვის, რომ შეიძინოს პასუხისმგებლობით შექმნილი ან მდგრადი პროდუქტები, რომელთა დამზადებაც გარემოზე მავნე ზიანს არ ახდენს.  

თუ რამდენიმე წლის წინ პროდუქტის შეძენისას გადაწყვეტილება ძირითადად ფასსა და ხარისხზე იყო დამოკიდებული, თანამედროვე მომხმარებელი ყურადღებას აქცევს იმასაც, როგორ იქმნება პროდუქტი და რა ღირებულებებს ემსახურება ბრენდი. ეკომეგობრული პროდუქტების მიმართ ინტერესის ზრდა შემთხვევითი არ არის. ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათი ყოველდღიური არჩევანი გლობალურ პროცესებზე ახდენს გავლენას.

 

რა გავლენას ახდენს ეკომეგობრული მიდგომა გაყიდვებზე?

მომხმარებელთა ქცევის თანამედროვე ტენდენციები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა სეგმენტში განსაკუთრებით კი Gen Z-სა და მილენიალებში იზრდება მოთხოვნა იმ ბრენდებზე, რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ ღირებულებებს მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად და ამას ბიზნეს სტრატეგიის ნაწილადაც განიხილავენ. მართლაც, ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეკომეგობრული პასუხისმგებლობის დაცვით შექმნილმა პროდუქტებმა ორჯერ მეტი ზრდა აჩვენა გაყიდვებში ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით.

ეკომეგობრული პოზიციონირება პირდაპირ არ ზრდის გაყიდვებს, მაგრამ ის ქმნის ბრენდის მიმართ ნდობის საფუძველს, რომელიც საბოლოოდ მოქმედებს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე. კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცნობიერებს, რომ მათი ყოველდღიური სამომხმარებლო არჩევანი გარემოზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, ეს ცნობიერება ყოველთვის არ გამოიხატება რეალურ ქცევაში. ხშირად ადამიანები აცხადებენ მდგრადი პროდუქტების მხარდაჭერას, თუმცა პრაქტიკაში უპირატესობას უფრო ბიუჯეტურ და ნაცნობ ალტერნატივებს ანიჭებენ. სწორედ ეს სხვაობა განზრახვასა და რეალურ მოქმედებას შორის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან გამოწვევას თანამედროვე მარკეტინგისთვის. 

 

როგორ უნდა გამოიყენოს ბრენდმა ეთიკა გაყიდვების გასაზრდელად?

ეკომეგობრული კომუნიკაცია ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა ის რეალურ ქმედებებსა და შედეგებს ეფუძნება. ბრენდის მიერ სწორი სტრატეგია, რომელიც რეალურ ღირებულებებს უსვამს ხაზს და არა მხოლოდ ბრენდინგის „მწვანე“ ელემენტებს მოისაზრებს, ხშირად იქცევა გაყიდვების ზრდის მთავარ წინაპირობად. 

ეფექტური ეკომეგობრული სტრატეგიის ძირითადი ელემენტები:

1. გამჭვირვალობა – კონკრეტული მონაცემების ჩვენება, როგორიცაა გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა, შემცირებული CO₂-ის მაჩვენებელი, დაზოგილი რესურსები და ეკომეგობრული მასალების წილი.

2. ემოციური კომუნიკაცია – სწორი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური მესიჯები გადაწყვეტილებაზე 2-ჯერ ძლიერად მოქმედებს, ვიდრე მხოლოდ ფაქტები.

3. მომხმარებლის ჩართულობა – ამ დროს ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ მყიდველად კი არა, საერთო ღირებულებების ნაწილად აღიქვამს. მაგალითად, სოციალური კამპანიები, ერთობლივი ეკო-ინიციატივები ან მიღწეული შედეგების გაზიარება („ერთად შევამცირეთ X ტონა ნარჩენი“) აძლიერებს ემოციურ კავშირს ბრენდთან და ზრდის ეკომეგობრულ აქტივობებში ჩართვის ინტერესს.

 

სოციალური გავლენის როლი მომხმარებლის ქცევაზე

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი ეკომეგობრული გაყიდვების ზრდაში სოციალური გავლენაა, რადგან ადამიანები ხშირად იმეორებენ იმ ქცევას, რასაც სხვებისგან ხედავენ. მაგალითად, როდესაც მომხმარებელს ონლაინ მაღაზიაში ვაწვდით ინფორმაციას, რომ სხვა მომხმარებლებიც ეკომეგობრულ პროდუქტებს ირჩევენ, ასეთი პროდუქტის დამატების შანსი კალათაში საშუალოდ 60–65%-ით იზრდება. გარემოსდაცვით ინიციატივებში ჩართულობაც მნიშვნელოვნად მატულობს მაშინ, როდესაც ადამიანები ხედავენ რეალურ მაგალითებს საკუთარი გარემოდან. შესაბამისად, მომხმარებელთა შეფასებები და სტატისტიკა ეკო-მარკეტინგში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევა.

 

ეკომეგობრული მომხმარებლის პორტრეტი: განსხვავება მილენიალებსა და Gen Z-ს შორის

სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის ეკომეგობრულ მომხმარებლებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა განსხვავება მილენიალებსა და Gen Z-ს შორის. მილენიალებისთვის ეკომეგობრულობა ხშირად დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან, ხარისხა და გრძელვადიან ღირებულებასთან. ისინი ყურადღებას აქცევენ პროდუქციის წარმოების პროცესს და კომპანიის ეთიკურ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ. ამ სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია ნდობა და გამჭვირვალობა, რის გამოც ისინი უფრო ხშირად ირჩევენ ბრენდებს, რომლებიც ღიად და ფაქტებით საუბრობენ საკუთარ ეკო-ინიციატივებზე.

Gen Z კი, ეკომეგობრულობას აღიქვამს როგორც ნორმას და არა დამატებით უპირატესობას. მათთვის მნიშვნელოვანია ავთენტურობა, სწრაფი და გასაგები კომუნიკაცია და რეალური ქმედებები. ისინი აქტიურად რეაგირებენ სოციალურ მედიაში და ხშირად არჩევანს აკეთებენ იმ ბრენდების სასარგებლოდ, რომლებიც ეკომეგობრულობას ყოველდღიურ ქცევაშიც ასახავენ და არა მხოლოდ მარკეტინგულ მესიჯებში.

 

როგორ გავხდეთ ეკომეგობრული ბრენდი?

ეკომეგობრულ ბრენდად ქცევა ერთჯერადი ნაბიჯი არ არის.  ეს არის პროცესზე დაფუძნებული სტრატეგია. პირველი ეტაპი პრობლემის გაცნობიერებაა, სად და როგორ ახდენს კომპანია გარემოზე გავლენას. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია მცირე, მაგრამ რეალისტური ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, შეფუთვის გაუმჯობესება, რესურსების დაზოგვა, წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავება ან მომწოდებლების შერჩევა ეთიკური კრიტერიუმებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. მომხმარებელი უფრო მეტად ენდობა ბრენდს, რომელიც გულწრფელად საუბრობს საკუთარ პროგრესზე და არ ცდილობს სრულყოფილების იმიტაციას. ეკომეგობრული ბრენდი არ გულისხმობს, იმას რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს, არამედ აჩვენებს, რომ კომპანია სწორ მიმართულებას ადგას. ამ პროცესში მომხმარებლის ცნობიერება,ჩართულობა და უკუკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

ეკომეგობრული ბრენდები და სტარტაპები საქართველოში

საქართველოში თანდათან იზრდება ეკომეგობრული ბრენდებისა და სტარტაპების რაოდენობა, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მდგრადი მიდგომების დანერგვას ცდილობენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია მცირე ბიზნესებში, სადაც ეკომეგობრულობა ხშირად ბრენდის იდენტობის ნაწილია და არა მხოლოდ მარკეტინგული სტრატეგია.

ადგილობრივი ეკო-ინიციატივები ხშირად ფოკუსირდება ნარჩენების შემცირებაზე, ხელახალ გამოყენებაზე, ადგილობრივი რესურსების მხარდაჭერასა და საზოგადოების ინფორმირებაზე. მიუხედავად გამოწვევებისა, როგორიცაა მაღალი ხარჯები, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ნაკლები ცნობიერება, ასეთ ბრენდებს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, რადგან მომხმარებლის ნდობა და ლოიალობა საქართველოში სწორედ ავთენტურობასა და რეალურ ღირებულებებზე შენდება.

 

რატომ არის ბრენდის ეთიკა მომავლის კონკურენტული უპირატესობა

ეკომეგობრული მომხმარებლები ქმნიან ახალ სამომხმარებლო რეალობას, სადაც ბრენდის ეთიკა პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებსა და გრძელვადიან წარმატებაზე. დღეისათვის, მდგრადობა აღარ არის დამატებითი ღირებულება, ის არის კონკურენტული უპირატესობა, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის ნდობასა და არჩევანს.

ბრენდები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ გარემოზე და გამჭვირვალედ საუბრობენ საკუთარ ნაბიჯებზე მომხმარებელს ეკომეგობრული არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან და ქმნიან სტაბილურ და მდგრად ბიზნესს. თანამედროვე ბაზარზე წარმატება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კარგი პროდუქტის შეთავაზებით, ის გულისხმობს ღირებულებების გარშემო საზოგადოების ჩამოყალიბებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას მომხმარებელთან ერთად.

ეკომეგობრული მიდგომა არ არის დროებითი ტრენდი. ის პასუხია თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებზე. ის ბრენდები, რომლებიც სანდოობას, გამჭვირვალეობასა და ეკო-მისიას ბიზნესის სტრატეგიის ნაწილად აქცევენ, ინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას და პოტენციურად მომავალშიც ლიდერ პოზიციებზე რჩებიან.

 

სხვა სიახლები
ეკომეგობრული მომხმარებლის ქცევა და ბრენდის ეთიკის გავლენა გაყიდვებზე