საქართველოს პარლამენტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის მიმდინარე პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ ნინო წილოსანი და კახა ოქროჯანაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობაზე.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი გულიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტრო ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ვეისთლესის მიმდინარე ინიციატივების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ეკომეგობრული კახეთის 2026“ კამპანიას, რომლის ფარგლებში რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ღონისძიებები და ცნობიერების ასამაღლებელი პროექტები.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საქართველოს პარლამენტის სტაჟიორების პრეზენტაციები, რომლებიც ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებს ეხებოდა. ახალგაზრდების აქტიურმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალი თაობის როლს მდგრადი მომავლის ფორმირებაში.
ღონისძიების დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეისთლესსა და საქართველოს პარლამენტს შორის, რაც გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის შენობაში განთავსდა ვეისთლსის სპეციალური ყუთები ელექტრო ნარჩენებისა და ბატარეების შესაგროვებლად. საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი და ახლა პრაქტიკულ დონეზე ხელს უწყობს მისი პრინციპების განხორციელებას. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ელექტრო ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოზე მათი უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.
საქართველოს პარლამენტის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს სხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუციებისთვის, რადგან გარემოს დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა და მსგავსი თანამშრომლობები მდგრადი განვითარების პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.








.png)

















