დახმარება
ბატარეების მეორე სიცოცხლე: როგორ მუშაობს მათი შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა?

ძნელია წარმოვიდგინოთ ყოველდღიური ცხოვრება ბატარეების გარეშე. დისტანციური მართვის პულტი, კედლის საათი, სათამაშოები, კომპიუტერის მაუსი, თუ სხვა არაერთი მოწყობილობა სწორედ მათი საშუალებით მუშაობს. ყველაზე ხშირად ვიყენებთ ალკალაინის, ლითიუმის, ნიკელ-მეტალჰიდრიდულ და სხვა ტიპის ბატარეებს, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობას საჭირო ენერგიით ამარაგებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ბატარეის რესურსის ამოწურვის შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ მისი ერთადერთი ადგილი ნაგვის ურნაა. რეალურად კი ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. გამოყენებული ბატარეა კვლავ შეიცავს ისეთ მასალებს, რომელთა უსაფრთხოდ მართვა და გადამუშავება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით პატარა ნარჩენი შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან რესურსად ან გარემოსთვის სერიოზულ საფრთხედ, ეს დამოკიდებულია, თუ სად აღმოჩნდება ის გამოყენების შემდეგ.

 

რატომ არის ბატარეების სწორი მართვა მნიშვნელოვანი?

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბატარეების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, იზრდება მათი ნარჩენების რაოდენობაც. ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: როგორ შეგვიძლია, გამოყენებული ბატარეები გარემოსთვის პრობლემად კი არა, სასარგებლო რესურსად ვაქციოთ?

მიუხედავად მცირე ზომისა, ბატარეები შეიცავს ისეთ მასალებსა და ქიმიურ ელემენტებს, როგორიცაა თუთია, ლითიუმი, ნიკელი და ფოლადი. მათი მოპოვება ბუნებრივ რესურსებსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ გამოყენებული ბატარეების გადამუშავება მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი ნედლეულის მოპოვების საჭიროებას და ხელს უწყობს რესურსების დაზოგვას. დღეს ბატარეების სწორი მართვა მხოლოდ ნარჩენების საკითხი აღარ არის. ეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის, გარემოს დაცვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც თითოეულ სწორად ჩაბარებულ ბატარეას შეუძლია ახალი რესურსის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანოს.

 

გამოყენებული ბატარეები და ცირკულარული ეკონომიკა

ბატარეის სასიცოცხლო ციკლი არ სრულდება მაშინ, როდესაც ის მოწყობილობაში მუშაობას წყვეტს. სწორად შეგროვებისა და მართვის შემთხვევაში ის შეიძლება კვლავ იქცეს ენერგიის წყაროდ, შეამციროს ახალი ბუნებრივი რესურსების მოხმარება და ხელი შეუწყოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. საყოფაცხოვრებო ბატარეების შემთხვევაში, როგორიცაა ალკალაინის ან ლითიუმის ბატარეები, „მეორე სიცოცხლე“ უმეტესად მათი შემადგენელი მასალების რეციკლირებას ანუ აღდგენას გულისხმობს. როდესაც გამოყენებული ბატარეა სპეციალურ შეგროვების სისტემაში ხვდება, ის აღარ იქცევა ჩვეულებრივი ნარჩენად, არამედ ხდება რესურსი. გადამუშავების პროცესში სპეციალისტები აღადგენენ მათში არსებულ ღირებულ მასალებს, შედეგად რესურსები კვლავ ბრუნდება ეკონომიკურ ციკლში და მცირდება ახალი ნედლეულის მოპოვების საჭიროება.

განსხვავებული მიდგომა გამოიყენება ლითიუმ-იონური ბატარეების შემთხვევაში, რომლებიც ლეპტოპებში, ელექტრო ინსტრუმენტებსა და სხვა მრავალ თანამედროვე მოწყობილობაში გვხვდება. თუ ასეთი ბატარეა კვლავ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და ინარჩუნებს საკმარის სიმძლავრეს, სპეციალისტები აფასებენ მის მდგომარეობას და ზოგიერთ შემთხვევაში მას სხვა დანიშნულებითაც იყენებენ. ხოლო როდესაც მისი გამოყენება აღარ არის შესაძლებელი, ის გადადის გადამუშავების ეტაპზე, სადაც ღირებული მასალები კვლავ გამოიყოფა და ახალ ბატარეებსა თუ სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტებში გამოიყენება.

 

საერთაშორისო გამოცდილება ბატარეების ნარჩენების მართვაში

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოყენებული ბატარეების სწორი მართვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის ნაცვლად, რომ ბატარეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე, მათი შეგროვებისა და გადამუშავებისთვის სპეციალური ეროვნული სისტემები მოქმედებს. ბელგია ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა. ქვეყნის მასშტაბით 22 000-ზე მეტი სპეციალური შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, რის შედეგადაც მოსახლეობის უმეტესობას უახლოეს პუნქტამდე 400 მეტრზე ნაკლები მანძილის გავლა სჭირდება. ასეთი ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა ბატარეების ჩაბარებას ყოველდღიურ ჩვევად აქცევს და ეფექტიანი შეგროვების სისტემის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

გერმანიაში ყველა მაღაზიას, რომელიც ბატარეებს ყიდის, გამოყენებული ბატარეების მიღების ვალდებულება აქვს. მომხმარებელს შეუძლია ისინი დააბრუნოს სპეციალურ კონტეინერებში, საიდანაც გადასამუშავებლად იგზავნება.

კანადა ბატარეების შეგროვებისა და გადამუშავების მიმართულებით ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ეროვნული პროგრამის, Call2Recycle-ის ფარგლებში, მხოლოდ 2025 წელს 8 000 ტონაზე მეტი გამოყენებული ბატარეა შეგროვდა, რაც პროგრამის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ეფექტიანი შედეგის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც შესაბამის ინფრასტრუქტურას, ისე საზოგადოების ცნობიერებასა და ჩართულობას. როდესაც სპეციალური შეგროვების პუნქტები მარტივად ხელმისაწვდომია, გამოყენებული ბატარეების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელის ნაცვლად გადამუშავების სისტემაში ხვდება.

 

სად შეგვიძლია ჩავაბაროთ გამოყენებული ბატარეები საქართველოში?

საქართველოში გამოყენებული ბატარეების სწორი მართვის სისტემა უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ვეისთლესი ამ მიმართულებით ქვეყანაში ერთადერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელსაც გამოყენებული ბატარეების შეგროვებისა და მართვის უფლება აქვს. ორგანიზაცია 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს ბატარეების შეგროვების სისტემის განვითარებაზე და 2022–2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე 40 ტონამდე გამოყენებული ბატარეა შეაგროვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გარემოს დაცვის, ისე საქართველოში ბატარეების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

ამ ეტაპზე საქართველოში გამოყენებული ბატარეების გადამუშავება ადგილობრივად ჯერ არ ხორციელდება. სწორედ ამიტომ, ვეისთლესის მიერ შეგროვებული ბატარეები ექსპორტზე იგზავნება შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გადამამუშავებელ საწარმოებში.

ბატარეების ჩაბარება დღეს უკვე მარტივად არის შესაძლებელი ვეისთლესის სპეციალურ კონტეინერებში, რომლებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და თბილისის თითქმის ყველა უბანშია ხელმისაწვდომი. შეგროვების პუნქტები განთავსებულია ტექნიკის მაღაზიების ქსელებში, მათ შორის ელიტის, ალტასა და გორგიას მაღაზიათა ქსელებში ასევე კარფურის, სუპერისა და ნიკორას სუპერმარკეტებში, ევექსის კლინიკებში, სხვადასხვა კერძო კომპანიებში, ოფისებში, საჯარო დაწესებულებებსა და სკოლებში.

 

 

 
სხვა სიახლები
ბატარეების მეორე სიცოცხლე: როგორ მუშაობს მათი შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა?