„ეკომეგობრული აჭარა 2026“ — გარემოსდაცვითი ინიციატივა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში
2026 წლის აპრილ-ივნისში განხორციელებულმა საპილოტე პროექტმა „ეკომეგობრული კახეთი 2026“ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა რეგიონში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაციის მიმართულებით. წარმატებული გამოცდილების გაგრძელების მიზნით, ასოციაცია ვეისთლესი ახალ რეგიონულ ინიციატივას – „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ს ახორციელებს.
პროექტი აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოიცავს და მიზნად ისახავს ელექტრონარჩენების სწორი მართვის ხელშეწყობას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით პროცესებში. ინიციატივის ფარგლებში შერჩეულია აჭარის ექვსივე რეგიონის 36 საჯარო სკოლა, რომელთა მოსწავლეებიც საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში ვეისთლესმა შეხვედრა გამართა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მონაწილეებს პროექტის მიზნები, დაგეგმილი აქტივობები და რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნეს. ვეისთლესსა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ადგილობრივ დონეზე გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
საგანმანათლებლო შეხვედრები აჭარის სკოლებში
20-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ასოციაცია ვეისთლესის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო შეხვედრები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის შერჩეულ 36 საჯარო სკოლაში გამართეს. საგანმანათლებლო შეხვედრები ორ ეტაპად გაიმართა – პირველ კვირას ვეისთლესის წარმომადგენლები ბათუმის, ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლებს ესტუმრნენ, ხოლო მეორე კვირას შეხვედრები შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდა.
ინტერაქტიული ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრო ნარჩენების სწორად მართვის, მათი გარემოზე ზემოქმედების, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და ნარჩენების სათანადო შეგროვების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრები მოიცავდა დისკუსიებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებმაც მოსწავლეებს საკუთარი მოსაზრებებისა და ეკომეგობრული იდეების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
საგანმანათლებლო შეხვედრების დასრულებით პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის წახალისების მიზნით, პროექტი მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსი და სოციალური მედიის აქტივობები
30 ოქტომბრიდან აჭარის 36 სკოლაში ელექტრონარჩენების შეგროვების ორკვირიანი კონკურსი დაიწყო. თითოეულ შერჩეულ სკოლაში განთავსდა ვეისთლესის სპეციალური ბრენდირებული ელექტრო ნარჩენების გარე განთავსების ყუთები, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან მოტანილი გამოუსადეგარი ელექტრონული მოწყობილობები განათავსონ და საკუთარი სკოლის გასამარჯვებლად წვლილი შეიტანონ.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოცხადებულია სოციალური მედიის კონკურსი, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მოსწავლეს, რომლის სკოლაც პროექტში იღებს მონაწილეობას შესაძლებლობა აქვთ შექმნან კრეატიული ვიდეო რგოლი გარემოსდაცვით საკითხებსა და ელექტრონარჩენების მართვაზე. ინიციატივის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ თავად მიიღონ მონაწილეობა გარემოსდაცვით აქტივობებში, არამედ მიღებული ცოდნა და ინფორმაცია თანატოლებსა და ფართო საზოგადოებასაც გაუზიარონ.
კონკურსების მიმდინარეობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც არიან ჩართული. მათი მხარდაჭერა მოიცავს სკოლებისთვის საჭირო ლოჯისტიკური პირობების შექმნას, შეგროვებული ნარჩენებისთვის შესაბამისი სივრცეების გამოყოფასა და შეგროვების პროცესის ორგანიზებაში დახმარებას.
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
„ეკომეგობრული აჭარა 2026“ 28 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში, შემაჯამებელი ეკოფესტივალით დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან კონკურსებში გამარჯვებული სკოლები. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, რომელთა გამოყენებაც საკუთარი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელებას შეეძლებათ.
ეკოფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა ეკომეწარმეების გამოფენა და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა, რაც პროექტის მონაწილეებს მიღებული გამოცდილებისა და შედეგების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
„ეკომეგობრული აჭარა 2026“ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტის გამოცდილებას ეფუძნება და მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი საქმიანობის რეგიონულ დონეზე გაძლიერებას. ადგილობრივ თვითმმართველობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ინიციატივა ხელს უწყობს ნარჩენების მართვის ეფექტიანი პრაქტიკების დანერგვას აჭარის რეგიონში და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც გარემოზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.














.png)

















