ღონისძიება ბილტმორი თბილისში
1 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორი თბილისში, გაიმართა ღონისძიება საქართველოში ელექტრო ნარჩნების შეგროვების და მართვის სისტემის წარდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია Wasteless-ის და The USAID Economic Security Program-ის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძიებას, რომელსაც სექტორის 150-მდე დაინტერესებული წარმომადგენელი დაესწრო, მოდერატორობას უწევდა გიორგი გულიაშვილი, საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია Wasteless-ის თავმჯდომარე.
ღონისძიება გაიხსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მისასალმებელი სიტყვით. ბატონმა მინისტრმა ხაზი გაუსვა ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი დანერგვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.
მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა მიშელ კოშიელსკიმ.
ღონისძიებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა ელექტრონარჩენების შეგროვებისა და მართვის სისტემის დანერგვაზე, ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ელექტრონარჩენების რეციკლირებასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე.
სექტორის გლობალური გამოწვევების გარდა, ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოში Wasteless-ის სამომავლო გეგმები, რაც ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო ნარჩენების შეგროვების 5 ცენტრის და 185 პუნქტის მოწყობასა და ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ელექტრონარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ასევე საჩვენებლად გამოიფინა Wasteless-ის დამზადებული სპეციალური ყუთები, სადაც ძველი და დაზიანებული ელექტრონარჩენების განთავსებაა შესაძლებელი.
ღონისძიების ბოლოს, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მომავალში ურთიერთანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.