
7 საინტერესო ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ გამოყენებულ საბურავებსა და მათ გადამუშავებაზე
საბურავების გადამუშავება არის პროცესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით. ის მოიცავს ძველი საბურავების დაშლას, სხვადასხვა ნაწილების, მაგალითად რეზინისა და ლითონის ნაწილების, გამიჯვნას და მათი ხელახალი გამოყენებისთვის მზადების პროცესს.
რას ვუწოდებთ საბურავის ნარჩენებს? ნარჩენი საბურავები ეს არის საბურავი, რომელიც გამოსაყენებლად აღარ არის ვარგისი და უსაფრთხო. როდესაც საბურავი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის ნარჩენი, სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიუახლოვდება მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებლობით და უსაფრთხოდ განადგურდეს. ამით გარემოს თავიდან ავაცილებთ დაბინძურებას, ადამიანის ჯანმრთელობას ტოქსიკური ქიმიკატებით მოწამვლას და ცოცხალ ბუნებას დავიცავთ.
ამ ბლოგში, ჩვენ გაგიზიარებთ 7 საინტერესო ფაქტს, რაც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ საბურავების გადამუშავების მნიშვნელობასა და მის გავლენაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1. მსოფლიოში ყოველ წუთში 3300 საბურავი იწარმოება
ეს სტატისტიკაა გულისხმობს დღეში დაახლოებით 5 მილიონი ახალი საბურავის წარმოებას, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს გარემოსთვის, რადგან ეს საბურავები გამოყენების ვადის გასვლის შემდგომ პოტენციურ ნარჩენად გადაიქცევა. ასეთი მოცულობა ცხადყოფს, რამდენად აუცილებელია გლობალური მასშტაბის ძალისხმევა საბურავების გადამუშავების პროცესის სუფთა მეთოდებით განხორციელებისათვის. თითოეული ნარჩენი საბურავი შეიძლება იქცეს რესურსად, თუ მისი გადამუშავება სწორად მოხდება. ეს კი დადებით გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და ეკონომიკაზე.
2. საბურავების ხანძარი შეიძლება გაგრძელდეს 15 წლამდე და გამოიწვიოს ჯანმრთელობის საზიანო პრობლემები
საბურავები დამზადებულია საკმაოდ აალებადი მასალებისგან, და როდესაც ისინი იწვის, მათი ჩაქრობა ხდება უკიდურესად ძნელად, ზოგ შემთხვევაში კი, ის ათწლეულებზე მეტხანს გრძელდება. საბურავების ხანძარი არამხოლოდ გარემოსთვის, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვისაც უკიდურესად საზიანოა. ასეთი ხანძრები აზიანებს ჰაერის ხარისხს და ხელს უწყობს მძიმე შავი სმოგის გავრცელებას, რომელიც სავსეა ტოქსიკური ქიმიკატებით და მავნე ნივთიერებებით. ეს ნივთიერებები ჰაერის და მიწის დაბინძურებასთან ერთად, აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, მაგალითად იწვევს სასუნთქი სისტემის დაავადებებს, როგორიცაა, ასთმა და ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
3. საბურავები დიდ სივრცეს იკავებენ ნაგავსაყრელებზე
საბურავები მოცულობით საკმაოდ დიდი და მძიმეა, შესაბამისად მათი ნაგავსაყრელებზე მოხვედრისას დიდ სივრცეს იკავებს. ევროკავშირის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1,6 მილიარდი ახალი საბურავი იწარმოება და დაახლოებით იგივე რაოდენობა ნარჩენად გადაიქცევა. შესაბამისად არასათანადო გადამუშავების პირობებში, პოტენციური საბურავების ნარჩენების რიცხვი მუდმივად მზარდია, მათ დაშლას კი ასობით წელი სჭირდება, რასაც საგანგაშო მდგომარეობამდე მივყავართ.
საბურავების განადგურება ან გადაყრა ნაგავსაყრელებში არ არის გამოსავალი, ეს დღეისათვის არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და გამოწვევებს კიდევ უფრო ამწვავებს. მათი მოცულობისა და სიმძიმის გამო ეს დიდი რაოდენობით საბურავები გროვდება ნაგავსაყრელებზე, რაც მათ გადამუშავებას ართულებს და ბუნებასაც დიდ ზიანს აყენებს, რადგან ის არ არის ბიოდეგრადირებადი და არ იშლება ბუნებრივად. ამიტომ, გადამუშავების ეფექტური მეთოდების დანერგვა, რაც ამ პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობს, დღესდღეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
4. საბურავებმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის სტაგნაცია და მალარიის შემთხვევები
წვიმის დროს წყალს შეუძლია დაგროვდეს ძველ, გადაყრილ საბურავებში, რაც შესაფერის გარემოს ქმნის წყლის სტაგნაციისთვის. ეს დაგროვებული წყალი ხდება მალარიის გადამტანი კოღოების ბუდე, რაც ზრდის დაავადების გავრცელების რისკს. გარდა მალარიისა, ასეთ ადგილებში ასევე შეიძლება გავრცელდეს სხვა ინფექციური დაავადებები, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, გამოყენებული საბურავების სწორი მართვა გარემოს დაცვასთან ერთად ხელს უწყობს ეპიდემიების პრევენციასაც.
5. საბურავების გადამუშავების მრავალი პრაქტიკული მეთოდი არსებობს
ძველი საბურავებისგან 110-ზე მეტი ახალი პროდუქტი შეიძლება დამზადდეს. ხანგრძლივი გადამუშავების პროცესში საბურავები იშლება და მათი ძირითადი კომპონენტების – რეზინის, ფოლადის და სხვა მასალების ამოღებით, დნობითა და ფორმის შეცვლის გზით, მათი ახალი პროდუქტების წარმოებაში გამოყენება არის შესაძლებელი.
გადამუშავებული რეზინი გამოიყენება რეზინის პროდუქტების საწარმოებლად, რაც მას ახალ, მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტად აქცევს. ნარჩენი საბურავები ასევე გამოდგება რბილ ნიადაგზე საძირკველის გასამაგრებლად, რადგან ის ხელს უშლიან ეროზიასა და წყალდიდობას. ის სათამაშო მოედნების ზედაპირისთვის იდეალურია, რადგან კარგად შთანთქავს დარტყმას და უფრო უსაფრთხოს ხდის სივრცეს. საბურავების ნარჩენები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც საწვავის ალტერნატიული წყარო ცემენტის საწარმოებლად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წიაღისეული საწვავის გამოყენებას და ზოგავს დედამიწის ამოწურვად, პირველად რესურსებს. რეზინის ნამსხვრევები გამოიყენება სათამაშო მოედნების ზედაპირებისთვის, მისი დარტყმის შთანთქმის თვისებების გამო.
6. საბურავებს აქვთ წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა
საბურავებს ვადა გასდით მაშინაც კი თუ არასდროს გამოგიყენებიათ. წარმოებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ ისინი თერმოჟანგვითი დეგრადაციის პროცესს იწყებენ. ეს ქიმიური რეაქცია დროთა განმავლობაში ასუსტებს რეზინას, რაც გავლენას ახდენს საბურავის სიმტკიცესა და უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობისას. საბურავის წარმოების თარიღის გაგება შესაძლებელია DOT კოდის მეშვეობით, ამ კოდის ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წარმოების თარიღს: პირველი ორი ციფრი აღნიშნავს წლის რომელ კვირაში დამზადდა საბურავი, ხოლო ბოლო ორი ციფრი მიუთითებს წარმოების წელს. მაგალითად, თუ თქვენი საბურავის DOT კოდის ბოლო ოთხი ციფრი 2319-ია, ეს ნიშნავს, რომ იგი დამზადდა 2019 წლის 23-ე კვირაში.
7. ენერგიის მოხმარების შემცირება
ახალი საბურავების წარმოება საკმაოდ დიდ ენერგიას მოთხოვს და საჭიროებს მაღალი რაოდენობით წიაღისეული საწვავის მოხმარებას, განსხვავებით საბურავების გადამუშავებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ რეციკლირებული რეზინის წარმოება 50%-ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ნედლეული მასალებისგან ახალი რეზინის შექმნა. ეს პროცესი ხელს უწყობს ენერგიის ზოგად დაზოგვას და ამცირებს დამოკიდებულებას არაგანახლებადი ენერგიის წყაროებზე, რაც გარემოს დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
თანამედროვე ცხოვრებაში საბურავების გადამუშავება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას და გარემოს დაცვას. ყოველ წელს მილიარდობით საბურავის გადაყრა ხდება ნაგავსაყრელებზე ან გარემოში, რაც მათ ნარჩენად აქცევს და ბუნებრივი საჭირო რესურსების გაფლანგვას იწვევს. საბურავების სწორი უტილიზაციით კი შესაძლებელია ენერგიის დაზოგვა, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, რითიც მივაღწევთ მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა მომავალს.
საქართველოში საბურავების ჩაბარება გადასამუშავებლად შესაძლებელია ვეისთლესში, სადაც შეგიძლიათ მარტივად და უსაფრთხოდ ჩაგვაბაროთ ძველი, გამოყენებული საბურავები და მისცეთ მათ მეორედ გამოყენების შანსი.