„ეკომეგობრული კახეთი 2026-ის“ ფარგლებში სკოლებში შემეცნებითი შეხვედრები მიმდინარეობს
Wasteless-ის მასშტაბური საპილოტე რეგიონალური პროექტის „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის შერჩეულ 35 სკოლაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი კულტურის გაძლიერება, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაცია და მომავალი თაობის ჩართულობით უფრო მდგრადი გარემოს შექმნა.
20 აპრილს გაიმართა პირველი შემეცნებითი შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის 7 შერჩეულ სკოლასთან, სადაც ბავშვებს ჩავუტარეთ ტრენინგები და გავუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნარჩენების მართვის, ელექტრო ნარჩენების სწორად ჩაბარების, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
21 აპრილს პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის ფარგლებში ასევე ჩავწერეთ მოსწავლეებთან ინტერვიუები, სადაც მათ საკუთარი დამოკიდებულება, იდეები და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ხედვები გაგვიზიარეს. ახმეტაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მერიის წარმომადგენელიც, რომელმაც პროექტში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.
პროექტის მეორე კვირის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა კახეთის კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში. 28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ვეისთლესის გუნდი ჯამში 16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ჩაუტარა ტრენინგები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ელექტრო ნარჩენების სწორი მართვის საკითხებზე.
ამავე კვირას, შევარჩიეთ 30 მაისს დაგეგმილი კამპანიის შემაჯამებელი ეკო-ფესტივალის ლოკაცია – ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ლაგოდეხის პარკში, სადაც გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები და მუსიკალური საღამო ჯგუფ „მგზავრების“ მონაწილეობით.
მოსწავლეებს სიმბოლურად გადაეცათ ვეისთლესისგან საჩუქრები, ხოლო შეხვედრაზე დაანონსდა პროექტის შემდეგი ეტაპები, ნარჩენების შეგროვების დღეები და სოციალური მედიის კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ კრეატიული ვიდეოების საშუალებით საკუთარი ხედვები დააფიქსირონ გარემოსდაცვით თემებზე. პრეზენტაციების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები სკოლის დირექტორებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლის ჩართულობას გარემოსდაცვით აქტივობებში.
ვეისთლესი განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ ბავშვები და ახალგაზრდები გახდნენ პოზიტიური ცვლილებების ლიდერები, რომლებიც მიღებულ ცოდნას საკუთარ სკოლებსა და თანატოლებში გაავრცელებენ. „ეკომეგობრული კახეთი 2026“ სწორედ ამ მიზნით აერთიანებს სკოლებს, მუნიციპალიტეტებსა და საზოგადოებას ერთიანი ეკომეგობრული მომავლისთვის.








.png)

















