დახმარება
„ეკომეგობრული კახეთი 2026-ის“ ფარგლებში სკოლებში შემეცნებითი შეხვედრები მიმდინარეობს

Wasteless-ის მასშტაბური საპილოტე რეგიონალური პროექტის „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის შერჩეულ 35 სკოლაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი კულტურის გაძლიერება, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაცია და მომავალი თაობის ჩართულობით უფრო მდგრადი გარემოს შექმნა.

20 აპრილს გაიმართა პირველი შემეცნებითი შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის 7 შერჩეულ სკოლასთან, სადაც ბავშვებს ჩავუტარეთ ტრენინგები და გავუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნარჩენების მართვის, ელექტრო ნარჩენების სწორად ჩაბარების, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა, მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

21 აპრილს პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის ფარგლებში ასევე ჩავწერეთ მოსწავლეებთან ინტერვიუები, სადაც მათ საკუთარი დამოკიდებულება, იდეები და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ხედვები გაგვიზიარეს. ახმეტაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მერიის წარმომადგენელიც, რომელმაც პროექტში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.

პროექტის მეორე კვირის ფარგლებში შეხვედრები გაგრძელდა კახეთის კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში. 28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ვეისთლესის გუნდი ჯამში 16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ჩაუტარა ტრენინგები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ელექტრო ნარჩენების სწორი მართვის საკითხებზე.

ამავე კვირას, შევარჩიეთ 30 მაისს დაგეგმილი კამპანიის შემაჯამებელი ეკო-ფესტივალის ლოკაცია – ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ლაგოდეხის პარკში, სადაც გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები და მუსიკალური საღამო ჯგუფ „მგზავრების“ მონაწილეობით.

პროექტის მესამე და კულმინაციური კვირის ფარგლებში შემეცნებითი შეხვედრები გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. 5 მაისს ვეისთლესის გუნდი შეხვდა ქალაქ გურჯაანის №1 და №2, გურამ ჭილაშვილის სახელობის №4 საჯარო სკოლისა და სოფელ ბაკურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

6 მაისს შეხვედრები ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, რაც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება აღმოჩნდა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძის ქალაქ ყვარლის №1 საჯარო სკოლა, ახალსოფლის №2 საჯარო სკოლა, სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლა და ყვარლის №2 საჯარო სკოლა.

სამი კვირის განმავლობაში „ეკომეგობრული კახეთი 2026“-ის ფარგლებში ვეისთლესის გუნდმა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის 35 საჯარო სკოლა მოიცვა და ათასობით მოსწავლესთან გამართა ინტერაქტიული შეხვედრები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ელექტრო ნარჩენების სწორი მართვის საკითხებზე.

შემეცნებითი ეტაპის დასრულების შემდეგ, 7 მაისიდან ოფიციალურად დაიწყო სკოლებს შორის ელექტრო ნარჩენების შეგროვების კონკურსი და სოციალური მედიის კამპანია TikTok პლატფორმაზე. პროექტის ფარგლებში შერჩეულ 35-ვე სკოლაში განთავსდა სპეციალური ყუთები ელექტრო ნარჩენების შესაგროვებლად, ხოლო მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ როგორც ნარჩენების შეგროვებით, ისე კრეატიული ვიდეოების შექმნით ჩართულიყვნენ კამპანიაში. მონაწილეებმა კონკურსებში მაღალი აქტივობა და ინტერესი გამოავლინეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში.

 

სხვა სიახლები
„ეკომეგობრული კახეთი 2026-ის“ ფარგლებში სკოლებში შემეცნებითი შეხვედრები მიმდინარეობს