სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ასამაღლებელი რეგიონალური პროექტი კახეთში
ვეისთლესი იწყებს სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ასამაღლებელ მასშტაბურ რეგიონალურ პროექტს კახეთში, რომელიც მოიცავს რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს და მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, გარემოსდაცვითი პრაქტიკების გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე მდგრადი ქცევის კულტურის ფორმირებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმების გაფორმება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების მართვის სისტემურ და მდგრად განვითარებას რეგიონში.
ინიციატივა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ნაწილსაც, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა კახეთის 8 ქალაქიდან 31 საჯარო სკოლა, ჩატარდება ტრენინგები და პრეზენტაციები, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, ნარჩენების მართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვით საკითხებს. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მომავალი თაობის ჩამოყალიბება პასუხისმგებელ მოქალაქეებად, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სკოლის ასაკის ახალგაზრდების ჩართვა და მათი დატრენინგება, რადგან სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება გარემოსადმი პასუხისმგებელი ქცევა და ეკოლოგიური კულტურა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადდება ნარჩენების შეგროვების დღეები, სადაც სკოლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან, ხოლო დასასრულს ჩატარდება მასშტაბური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება გამარჯვებული სკოლები, რომლებიც დაჯილდოვდებიან.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებისა და ნარჩენების რესურსად გარდაქმნის პროცესის გასაძლიერებლად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც გარემოზე, ისე ადგილობრივ საზოგადოებაზე.
30 მარტს, თელავში, პროექტის შესახებ პრეზენტაციის წარდგენას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.






.png)

















